უნივერსიტეტის სტუდენტის CV: როგორ შევქმნათ საუკეთესო რეზიუმე პირველი სამსახურის მოსაპოვებლად (რჩევები & მაგალითები)

პირველი სამსახურის როლი ჩვენი  პიროვნების იდენტობის შეგრძნებისთვის განუზომელია. სოციოლოგები მიიჩნევენ, რომ ადამიანის ბედნიერების ინდექსი სწორედ საყვარელი საქმის კეთებით განისაზღვრება და სამსახური არა მხოლოდ ჩვენს შრომისუნარიანობაზე ახდენს გავლენას, არამედ, ჩვენი ცხოვრების  ხარისხსაც განსაზღვრავს. 

საშუალო ნიშანი ამ შაბლონისთვის

5.0
Rated 5 out of 5
დან 1 მომხმარებელთა მიმოხილვები

თუ თქვენი, როგორც სტუდენტის მიზანიც სასურველი სამსახურის ძიება და კარიერული გზის სწორი მიმართულებით გაკაფვაა, უნდა გაითვალისწინოთ, რომ ამ პროცესის მთავარი ნაწილი სწორად შედგენილი რეზიუმეა.

Სტუდენტი CV

გაეცანით ჩვენს გზამკვლევს და შეიტყვეთ მეტი თუ როგორ უნდა შეადგინოთ სტუდენტის CV საუკეთესო პრაქტიკული რჩევებისა და რეკომენდაციების გათვალისწინებით.

Სარჩევი

უნივერსიტეტის სტუდენტის რეზიუმე: მაგალითი

👇 განვიხილოთ სტუდენტის CV-ის იმგვარი ნიმუში, რომელიც რეზიუმეს შექმნის ყველაზე გავრცელებულ სტანდარტებს შეესაბამება:

მარიამ წიკლაური
სტუდენტი
თბილისი, საქართველო
+995 555 555 555
mariamtsiklauri@email.com
linkedin.com/in/mariamtsiklauri

პროფესიული შეჯამება
“თვალსაჩინო აკადემიური მიღწევებით გამორჩეული, განვითარებაზე ორიენტირებული მომავალი იურისტი. უნივერსიტეტის თვითმმართველობის პრეზიდენტის რანგში კარიერული განვითარებისკენ გადადგმული  პირველი ნაბიჯები და გაცვლითი პროგრამის ფარგლებში პოლონეთში გატარებული წლები გარდამტეხი აღმოჩნდა ჩემი პიროვნული და პროფესიული ზრდისთვის.”

სამუშაო გამოცდილება 
თვითმმართველობის პრეზიდენტი
თავისუფალი უნივერსიტეტი, საქართველო
იანვარი 2020 – მაისი 2022

  • ეფექტური კომუნიკაციის გზით ადმინისტრაციასა და სტუდენტებს შორის დიალოგის უზრუნველყოფა;
  • სტუდენტური კლუბების სამოქმედო გეგმის ფარგლებში დაგეგმილი პროექტების განხორციელება;
  • სპორტული აქტივობებს, საჯარო შეხვედრების, სემინარებსა და საგანმანათლებლო ღონისძიებებს ორგანიზება;
  • სასწავლო პროცესის ფარგლებში  წარმოქმნილი ხარვეზების აღრიცხვა და ადმინისტრაციასთან კომუნიკაცია სტუდენტების საერთო პოზიციის წარმოსაჩენად.

სტაჟიორი თბილისის იუსტიციის სახლში
სსიპ “იუსტიციის სახლი”
სექტემბერი 2019 – ივნისი 2020

  • მომხმარებელთან კომუნიკაცია, მათი მოთხოვნების განსაზღვრა და რიგის მართვის სისტემის მეშვეობით შესაბამის სივრცეში გადამისამართება;
  • მომხმარებელთა განცხადებების და თანდართულ დოკუმენტების შემოწმება და კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობაშ მოყვანა.
  • განცხადებებისა და თანდართული დოკუმენტების რელევანტური სახელმწიფო უწყებებისთვის გადაცემა და ამ პროცედურის პროგრამულად დადასტურება.

განათლება
სამართალმცოდნეობის ბაკალავრი 
თავისუფალი უნივერსიტეტი, საქართველო
2019 წლის სექტემბერი-მიმდინარე
შესაბამისი კურსები:

  • შესავალი სამართლის ისტორიაში;
  • პროფესიული ეთიკა;
  • საერთაშორისო კერძო სამართალი;
  • სასჯელაღსრულების სამართალი;
  • ზოგადი ადმინისტრაციული სამართალი;
  • ინგლისურის ენის პრაქტიკული კურსი;
  • გერმანული ენის პრაქტიკული კურსი;

სტიპენდიები & ჯილდოები

  • ოქროს მედალი საშუალო საგანმანათლებლო საფეხურის წარჩინებით დასრულებისთვის;
  • 100%-იანი სახელმწიფო სასწავლო გრანტი;
  • წარჩინებული სტუდენტებისთვის განკუთვნილი შიდასაუნივერსიტეტო სტიპენდია;
  • შავი ზღვის ქვეყნების სამეცნიერო კონფერენციის გამარჯვებული, ნაშრომით ,,საზღვაო სამართალი და მასთან დაკავშირებული რეგიონული გამოწვევები.”

კონფერენციები

  • ინტერნეტსაზოგადოება საქართველოს მიერ ორგანიზებული კონფერენცია თემაზე – პერსონალურ მონაცემთა დაცვა ციფრულ ეპოქაში;
  • საერთაშორისო განათლების ცენტრის მიერ ორგანიზებული კონფერენცია თემაზე – დავის ალტერნატიული გადაჭრის მეთოდები: მედიაცია და არბიტრაჟი;
  • იუსტიციის სასწავლო ცენტრის კონფერენცია თემაზე – მართმსაჯულების გამოწვევები თანამედრო სამყაროში;

უნარები

  • Პროექტის მართვის უნარი
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი
  • კვლევის წარმოების უნარები
  • სწაფი ადაპტაციის უნარი
  • ეფექტური კოლაბორაცია
  • დეტალებზე ორიენტაციის უნარი
  • პრობლემების ეფექტურად გადაჭრა
  • დროის ეფექტურად მართვა
  • კრიტიკული აზროვნება

ენები

  • ქართული (მშობლიური)
  • ინგლისური – B2
  • გერმანული – B2

Სტუდენტური დასაქმება საქართველოში 2023 წელს: რომელი სფეროებია ხელმისაწვდომი?

კარიერული განვითარების საწყის ეტაპზე მყოფი სტუდენტების ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს ბანკის სტუდენტური დასაქმების პროგრამა ლიდერატორი

2017 წლიდან ხორციელდება და ისეთ მიმართულებებს მოიცავს, როგორიცაა:

  • ადამიანური კაპიტალის მართვა
  • ბიზნეს ანალიტიკა და რეპორტინგი
  • მარკეტინგი
  • საბანკო სამართალი და სხვ.
👉 ხელმისაწვდომი სფეროების მრავალფეროვნებით გამოირჩევა სტაჟირების სახელმწიფი პროგრამაც, რომელიც სტუდენტებს მათი ინტერესებიდან გამომდინარე აძლევს შესაძლებლობაა აირჩიონ მიმართულება და ამის შესაბამისად მიიღონ პროფესიული გამოცდილება.

სტუდენტური დასაქმების ხელშეწყობაზე აქტიურად მუშაობენ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებიც. ამის ნათელი მაგალითია უნივერსიტეტების ბაზაზე შექმნილი დასაქმების ხელშეწყობისა და კარიერის დაგეგმვის სამსახურები.

Სტუდენტი CV

სტუდენტების საშუალო ანაზღაურება და სტიპენდია საქართველოში

💡 ფაქტი: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ გამოქვეყნებული სოციალური კვლევის მიხედვით, საქართველოში დასაქმებულ სტუდენტთა ყოველთვიური საშუალო ანაზღაურება 479.8 ლარს შეადგენს.
👉 სტუდენტურ დასაქმებასთან დაკავშირებული ვაკანსიების ერთ სივრცეში გასაერთიანებლად საქართველოში სტუდენტური დასაქმების პლათფორმა შეიქმნა. ინიციატივის მიზანი ნიჭიერი ქართველი სტუდენტების დახმარება და მათ დასაქმებასთან დაკავშირებული შესაძლებლობების უკეთ წარმოჩენაა.

Საერთაშორისო საგანმანათლებლო შესაძლებლობები

XXI საუკუნე საერთაშორისო შესაძლებლობების ეპოქაა. განვითარებაზე ორიენტირებული ახალგაზრდებისთვის სულ უფრო მარტივი ხდება საზღვრების გარღვევა და სასურველ უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელება.

ევროპაში მდებარე წამყვანი საგანმანათლებლო დაწესებულებები იაზრებენ თუ რაოდენ რთულია განვითარებადი ქვეყნების მოქალაქეებისთვის დაფარონ სწავლასთან დაკავშირებული ხარჯები, ამიტომ უფრო და უფრო ხშირად სთავაზობენ მათ დაფინანსების შესაძლებლობას.

Სტუდენტი CV

ამის ნათელი მაგალითია ისეთი საერთაშორისო საგანმანათლებლო პროექტები, როგორებიცაა:

  • Erasmus+
  • Erasmus Mundus
📌 რჩევა: იმ შემთხვევაში თუ თქვენ ერასმუსის რომელიმე პროექტებისთვის გადაწყვეტთ CV-ს მომზადებას, სასურველია, გაითვალისწინოთ, რომ სტანდარტული რეზიუმის ნაცვლად, მეტად რელევანტური იქნება, თუ არჩევანს Europass-ის ფორმატზე შეაჩერებთ.

Ნაბიჯ-ნაბიჯ ინსტრუქცია სტუდენტის ეფექტური CV-ს შესადგენად

რეზიუმე გახლავთ დოკუმენტი, რომელიც ვაკანსიის მოთხოვნების შესაბამისად, ზედმიწევნით ასახავს პიროვნების პრაქტიკულ გამოცდილებას, თეორიულ ცოდნასა და იმ ძირითად უნარ-ჩვევებს, რომლებიც თქვენს პროფესიულ წარმატებას განაპირობებს.

Სტუდენტი CV

👇 პროცესის გამარტივების მიზნით, წარმოგიდგენთ რამდენიმე საყურადღებო რჩევას, რომელთა გათვალისწინებაც დაგეხმარებათ მეტი ღირსება შესძინოთ თქვენს რეზიუმეს:

  • ყურადღება CV-ს კონკრეტულ ასპექტებზე გაამახვილეთ: 

იმის გათვალისწინებით, რომ დამსაქმებელთა უმრავლესობა 60 წამზე ნაკლებ დროს უთმობს თქვენი რეზიუმეს გადახედვას, მნიშვნელოვანია იაზრებდეთ, რაოდენ მნიშვნელოვანია, რომ თქვენი CV სრულფასოვნად შეესაბამებოდეს ვაკანსიით წინასწარგანსაზღვრულ პროცესს.

  • იყავით მკაფიო და ამომწურავი: 

რეზიუმეს შექმნისას სასურველია გამოიყენოთ მკაფიო და ამომწურავი წინადადებები. ნუ ეცდებით CV-ს მოცულობის ხელოვნურად გაზრდას და გაითვალისწინეთ, რომ მხოლოდ კონკრეტული ვაკანსიითვის ღირებული საგანმანათლებლო აქტოვობებისა და სამუშაო გამოცდილების მითითებით მეტად დაამახსოვრებთ თავს პოტენციურ დამსაქმებელს.

  • ეცადეთ CV კონკრეტულ ვაკანსიასთან იყოს შესაბამისობაში:

რეზიუმეს შედგენისას აუცილებლად გაუსვით ხაზი იმ თვისებებს, რომლებიც განსაკუთრებით წარმოაჩენენ თქვენს ძლიერ მხარეებს. ვაკანსიით განსაზღვრული მოთხოვნებისა და დამსაქმებლის საჭიროებიდან გამომდინარე კი აქცენტი მხოლოდ იმ უნარებზე გააკეთეთ, რომლებიც თქვენთვის სასურველი სამუშაოს შესასრულებლადაა საჭირო.

  • ყურადღება გაამახვილეთ CV-ს ვიზუალ მხარეზე:

დამსაქმებლისთვის საინტერესოა არამხოლოდ ის თუ რა ცოდნასა და პროფესიულ გამოცდილებას ფლობთ, არამედ ისიც თუ რა ვიზუალური ფორმატით წარმოაჩენთ თქვენს უნარებსა და კომპეტენციებს. შესაბამისად, სწორად შერჩეული სტრუქტურა და სექციების ოპტიმალურად განლაგება მეტი სიცხადით წარმოაჩენს თქვენს უპირატესობებს.

📌 რჩევა: მეტად რელევანტური ინფორმაცია წინ გამოიტანეთ და ყურადღება მიაქციეთ, რომ წინადადებები არ შეიცავდეს გრამატიკულ და პუნქტუაციურ შეცდომებს.
  • მკაფიოდ წარმოაჩინეთ თქვენი პიროვნული უნარ-ჩვევები:

რეზიუმეს შექმნისას განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეთ თქვენს პიროვნულ თვისებებზე და უნარ-ჩვევებზე. ვინაიდან თქვენ სტუდენტი ბრძანდებით და, შესაბამისად, გიწევთ ეფექტურად მართოთ დრო და გონივრულად გაანაწილოთ რესურსები, მნიშვნელოვანია რეზიუმეში ყურადღება სწორედ ამ ასპექტებზე გაამახვილოთ.

  • სრულფასოვნად წარმოადგინეთ სამუშაო გამოცდილება:

მართალია სამუშაო გამოცდილება რეზიუმეს ერთ-ერთი ფუნდამენტური სექციაა, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ თქვენ ჯერ კიდევ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტი ხართ და კარიერულ გზას სწორედ ახლა იწყებთ, სასურველია, სამუშაო გამოცდილების ნაწილში ყურადღება სტაჟირებებსა და მოხალისეობრივ გამოცდილებაზე გაამახვილოთ.

ეს ინფორმაცია რელევანტური ფუნქცია-მოვალეობების წარმოჩენასთან ერთად მეტ ღირსებას შესძენს თქვენს კანდიდატურას.

Სტუდენტი CV

სექციების ოპტიმალური განლაგება

მართალია CV-ს შედგენის უნივერსალური სტანდარტები არ არსებობს, მაგრამ ჩვენ მიერ მომზადებული რეკომენდაციები რეზიუმეს შექმნის საუკეთესო პრაქტიკას ეფუძნება და სრულფასოვნად მოიცავს ყველა მნიშვნელოვან დეტალს. ერთ-ერთი ასეთი დეტალი სწორედ სექციების ოპტიმალური განლაგებაა.

პოტენციური დამსაქმებელი, რომელიც შესაბამის კადრს ეძებს, აუცილებლად გაამახვილებს ყურადღებას იმაზე თუ რამდენად სწორად არის CV-ს სექციები განლაგებული.

აქედან გამომდინარე, გირჩევთ, რომ რეზიუმეს დასაწყისში ან მის მარცხენა მხარეს წარმოადგინოთ ისეთი ზოგადი ინფორმაცია, როგორიცაა:

  • ელ. ფოსტის მისამართი;
  • ტელეფონის ნომერი;
  • ადგილმდებარეობა;
  • ლინკდინის გვერდის ბმული;
👉 ზოგადი ინფორმაციის მითითების შემდეგ, რეკომენდირებულია, რომ CV-ს ინფორმაციულ ნაწილზე გადახვიდეთ და  ზედმიწევნით აღწეროთ როგორც თქვენი სამუშაო გამოცდილება და განათლება, აგრეთვე რელევანტური უნარები და ინტერესები.
📌 რჩევა: თუ თქვენ, როგორც სტუდენტს, გაქვთ მიზანი, რომ დაიწყოთ სამსახური, CV-ში პირველ რიგში უნდა  წარმოადგინოთ გამოცდილების სექცია.

იმ შემთხვევაში კი თუ თქვენი მიზანი აკადემიურ სფეროში მოღვაწეობაა, გამოცდილების სექციის ნაცვლად უპირატესობა მიანიჭეთ განათლების და პუბლიკაციების შესახებ საუბარს.

Სტუდენტი CV

ფორმატი და სტრუქტურა

სწორი სტრუქტურირებისა და ფორმატირების მიზნით, მნიშვნელოვანია რეზიუმე კონკრეტულ შინაარსობრივ სექციებად ფაყოთ. ეს  ინფორმაციას მარტივად აღსაქმელს ხდის და ინტერვიუზე მოხვედრის შანსებსაც მნიშვნელოვნად ზრდის.

👇 წარმოგიდგენთ რეზიუმეს საზოგადოდ მიღებულ რამდენიმე ფორმატს, რომელთა გამოყენებაც თქვენს ინდივიდუალურ შემთხვევაზე იქნება  დამოკიდებული:

  • ქრონოლოგიური ფორმატი – შესაფერისია იმ აპლიკანტებისთვის, რომელთაც მრავალფეროვანი და თანმიმდევრული პროფესიული გამოცდილება აქვთ. მსგავსი ფორმატი თქვენს გამოცდილებასა და მიღწევებს უახლესი დროიდან უძველესი დროისკენ განალაგებს და თქვენს პროფესიულ მიღწევებს მკაფიოდ წარმოადგენს.
  • ფუნქციური ფორმატი – საკონტაქტო ინფორმაციისა და განათლების პარალელურად ასევე ნათლად წარმოაჩენს თქვენს მოხალისეობრივ გამოცდილებას და ვაკანსიისთვის საჭირო უნარ-ჩვევებს.
  • შერეული ფორმატი – ქრონოლოგიური და ფუნქციური ფორმატების შერწყმით არის შექმნილი. ის მრავალფეროვანი პროფესიული გამოცდილების მქონე ადამიანებისთვისაა შესაფერისი. თუმცა კარიერული განვითარების მკაფიოდ წარმოჩენასთან ერთად შესაძლებლობას გაძლევთ ვაკანსიისთვის საჭირო პიროვნული უნარ-ჩვევებიც წარმოაჩინოთ.
🎁 ვინაიდან თქვენ ჯერ კიდევ არ დაგისრულებიათ უმაღლესი განათლების მიღება და, შესაბამისად, სამუშაო გამოცდილების ნაკლებობას განიცდით, სასურველია არჩევანი ფუნქციურ ფორმატზე შეაჩეროთ და აკადემიური მიღწევებით გაამდიდროთ თქვენი რეზიუმე.

სათაური და საკონტაქტო ინფორმაცია

თქვენი CV-ს  გაცნობის პირველივე წამიდან უნდა შეიტყოს დამსაქმებელმა თუ ვის ეკუთვნის აღნიშნული დოკუმენტი, შესაბამისად, თქვენი რეზიუმეს ეს სექცია აუცილებლად უნდა მოიცავდეს ისეთ ინფორმაციას, როგორიცაა სახელი, პროფესია, თანამდებობის დასახელება და საკონტაქტო ინფორმაცია.

👉 იმისთვის, რომ ეფექტური სათაური შექმნათ მნიშვნელოვანია ეს სექცია მხოლოდ რელევანტური საკონტაქტო ინფორმაციით შეავსოთ და რეზიუმეს დასაწყისში, თქვენი სახელის ქვეშ მოათავსოთ.
⚠️ გაფრთხილება: პროფესიონალური ელექტრონული ფოსტის მისამართი სათაურის მნიშვნელოვანი კომპონენტია. ამიტომ გახსოვდეთ, რომ არაპროფესიონალურმა ელ.ფოსტამ შესაძლოა დამსაქმებელი უარყოფითადაც კი განაწყოს თქვენდამი.

Სტუდენტი CV

✔️ კარგი სათაურის მაგალითი
მარიამ წიკლაური
სტუდენტი
თბილისი, საქართველო | +995 555 555 555 | mariamtsiklauri@email.com
❌ ცუდი სათაურის მაგალითი
მარიამ წიკლაური
სტუდენტი
555-555-555
tsiko007@list.ru
დიღმის მასივი, მე-2 კვარტალი, ბინა ნომერი 112
თბილისი, საქართველო
დაბადების თარიღი 10/11/1986 წ
linkedin.com/in/ninivardiashvili

Რატომ არ უნდა გჭირდებათ ფოტო სტუდენტის რეზიუმეში

თანამედროვე საერთაშორისო პრაქტიკა ცხადყოფს, სულ უფრო მეტი კომპანია ამბობს უარს რეზიუმეში ფოტოს განთავსების მოთხოვნაზე. აღნიშნული სტანდარტი მხოლოდ იმ პროფესიების შემთხვევაში რჩება ნორმად, რომელთა  წარმომადგენლების საქმიანობა უშუალოდაა დაკავშირებული ადამიანის ვიზუალურ მხარესთან.

👉 ამ ყოველივეს გათვალისწინებით, აშკარა ხდება, რომ ნამდვილად არ არსებობს სტუდენტის რეზიუმეში ფოტოს განთავსების საჭიროება. თქვენი აპლიკაციის განხილვის პროცესში ამან ნეგატიური გავლენაც კი შეიძლება იქონიოს დამსაქმებელზე.

Სამუშაო გამოცდილება

რეზიუმეს შედგენისას სამუშაო გამოცდილებასთან დაკავშირებული ინფორმაცია დაღმავალი პრინციპით განალაგეთ და მთავარი აქცენტი თქვენს უახლოეს პროფესიულ გამოცდილებაზე გააკეთეთ.

📌 რჩევა: თქვენს პროფესიულ გამოცდილებაზე საუბრისას სასურველია ყურადღება მხოლოდ იმ დეტალებზე გაამახვილოთ, რომელიც ვაკანსიის მოთხოვნებთან იქნება შესაბამისობაში. იმ შემთხვევაში თუ არ გაქვთ სამუშაო გამოცდილება, ყურადღება თქვენს მოხალისეობრივ აქტივობებსა და სტაჟირების პროგრამებზე გაამახვილეთ.

Სტუდენტი CV

👉 გიზიარებთ სტუდენტის სამუშაო გამოცდილებასთან დაკავშირებულ ორ სრულფასოვან  მაგალითს:

მაგალითი 1

სტაჟიორი თბილისის იუსტიციის სახლში
სსიპ “იუსტიციის სახლი”
სექტემბერი 2009 – ივნისი 2011

  • მომხმარებელთან კომუნიკაცია, მათი მოთხოვნების განსაზღვრა და რიგის მართვის სისტემის მეშვეობით შესაბამის სივრცეში გადამისამართება;
  • მომხმარებელთა მიერ მომსახურების პროცესში წარმოდგენილი განცხადებებისა და თანდართული დოკუმენტების შემოწმება, მოწესრიგება და კანონის ძირითად მოთხოვნებთან მათი შესაბამისობის დადგენა;
  • განცხადებებისა და თანდართული დოკუმენტების წინასწარ განსაზღვრული პროცედურის შესაბამისად, რელევანტური სახელმწიფო უწყებებისთვის გადაცემა და ამ პროცედურის პროგრამულად დადასტურება.
მაგალითი 2

ხელშეკრულებით მოწვეული თანამშრომელი
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტურ საქმეთა სამსახური
იანვარი 2007 – მაისი 2009

  • ეფექტური კომუნიკაციის უზრუნველყოფა ადმინისტრაციასა და სტუდენტებს შორის;
  • სტუდენტური კლუბების დარეგისტრირება და მათი სამოქმედო გეგმის ფარგლებში დაგეგმილი პროექტების ხელშეწყობა;
  • სპორტული აქტივობების, საჯარო შეხვედრების, სემინარებისა და საგანმანათლებლო ღონისძიებების,  ორგანიზება;
  • სასწავლო პროცესის ფარგლებში  წარმოშობილი ხარვეზების აღრიცხვა და ადმინისტრაციასთან სწორი კომუნიკაციის გზით სტუდენტების საერთო პოზიციის წარმოჩენა.

თუ მუშაობის გამოცდილება ჯერ არ გაქვთ

ნუ დაკარგავთ თავდაჯერებულობას იმ შემთხვევაშიც კი თუ არ გაქვთ სამუშაო გამოცდილება!

ასეთ დროს, ყურადღება თქვენს მოხალისეობრივ აქტივობებსა და სტაჟირების პროგრამებზე გაამახვილეთ. პირველი სამსახურის დასაწყებად გადადგმული თავდაპირველი ნაბიჯები სწორედ იმას გულიხმობს, რომ პოტენციურ დამსაქმებელს გააზრებული აქვს თქვენი, როგორც სტუდენტის კარიერული კვალიფიკაციის სიმწირე და ეს მისთვის პრობლემას არ წარმოადგენს.

🎁 კომპანიების უმრავლესობა თანხმდება, რომ შესაბამისი განათლებისა და პიროვნული უნარ-ჩვევების ქონის შემთხვევაში, აპლიკანტის ნამდვილ პროფესიონალად ჩამოყალიბება მხოლოდ დროის საკითხია.

განათლება: სტუდენტის CV-ს საყურადღებო სექცია

თქვენი, როგორც სტუდენტის განათლებასთან დაკავშირებული ინფორმაცია CV-ს მეტად მნიშვნელოვანი კომპონენტია. ამიტომ, ზედმიწევნით გაამახვილეთ ყურადღება ყოველ დეტალზე და დარწმუნდით, რომ თქვენი რეზიუმეს ეს ნაწილი სრულყოფილად წარმოაჩენს თქვენს აკადემიურ კვალიფიკაციას.

გახსოვდეთ, რომ თქვენი აკადემიური/პროფესიული განათლების სექცია რაც შეიძლება დეტალური უნდა იყოს.

🎁 თუ თქვენი GPA 3.5-ზე მეტია, აუცილებლად მიუთითეთ ამის შესახებ CV-ში. ეს დეტალი მნიშვნელოვნად წარმოაჩენს თქვენს აკადემიურ ღირსებას და უდავოდ დიდ აღფრთოვანებას დაიმსახურებს პოტენციური დამსაქმებლის მხრიდან.

Სტუდენტი CV

👇 წარმოგიდგენთ ორ მაგალითს, რომელთა გაცნობა დაგეხმარებათ სწორად განსაზღვროთ, თუ როგორ შეიძლება გამოიყურებოდეს თქვენი CV-ს განათლების სექცია.

მაგალითი 1

სამართლისა და ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხი, ლოძის უნივერსიტეტი, პოლონეთი (2009-2012)
საერთაშორისო კერძო სამართლის მაგისტრის ხარისხი, ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველო (2009 – 2011)
სამართალმცოდნეობის ბაკალავრის ხარისხი, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი, საქართველო (2007 – 2011)

მაგალითი 2

სამართალმცოდნეობის საბაკალავრო პროგრამა
თავისუფალი უნივერსიტეტი, საქართველო
2012 წლის სექტემბერი-2016 წლის დეკემბერი

შესაბამისი კურსები:

  • შესავალი სამართლის ისტორიაში;
  • პროფესიული ეთიკა;
  • საერთაშორისო კერძო სამართალი;
  • სასჯელაღსრულების სამართალი;
  • ზოგადი ადმინისტრაციული სამართალი;
  • ინგლისურის ენის პრაქტიკული კურსი;
  • გერმანული ენის პრაქტიკული კურსი;

დამატებითი სექციები სტუდენტის CV-ში

დამატებითი სექციების გრაფაში თქვენ ზედმიწევნით უნდა წარმოადგინოთ თქვენი ძლიერი მხარეები, ცოდნა და ის უნარ-ჩვევები, რომლებიც პირდაპირმნიშვნელოვნად შეგიწყობთ ხელს ახალი პროფესიული საქმიანობის ფარგლებში დაკისრებული ამოცანების უკეთ შესრულებაში.

Სტუდენტი CV

👇 CV-ს დამატებითი სექციების ჩამონათვალი, რომელიც პირველი სამსახურის მოპოვებაში დაგეხმარება ასე გამოიყურება:

Სტიპენდიები და ჯილდოები

სტიპენდია თვალსაჩინო აკადემიური მიღწევების მანიფესტია, შესაბამისად, თუ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის პერიოდში სარგებლობთ სახელმწიფო, სახელობითი, წარჩინებულ აბიტურიენტთა ან მაგისტრანტთა საუნივერსიტეტო გრანტით, აუცილებლად აღნიშნეთ ეს ინფორმაცია თქვენს რეზიუმეში.

იგივე შეიძლება ითქვას თქვენ მიერ მიღებულ ისეთ ჯილდოებზეც – ჯილდოები ცალსახად გამოგარჩევენ სხვა აპლიკანტებისგან და თქვენი დასაქმების შანსს მნიშვნელოვნად ზრდიან.

📌 რჩევა: სახელმწიფო და საუნივერსიტეტო გრანტების შესახებ ინფორმაციასთან ერთად რეზიუმეში აგრეთვე მიუთითეთ თუ ფლობთ საშუალო საგანმანათლებლო საფეხურის წარჩინებით დამადასტურებელ სერტიფიკატსა და მედალს.

კონფერენციები

დამსაქმებელთა უმრავლესობა აცნობიერებს, რომ საგანმანათლებლო კონფერენციებზე დასწრება კარიერული განვითარების და პროფესიული ზრდის მეტად ეფექტური ფორმაა, რომელიც პროფესიისთვის საჭირო ცოდნით და გამოცდილებით ამდიდრებს ადამიანს.

შესაბამისად, თქვენს რეზიუმეში აღნიშნული ეს კონკრეტული ინფორმაცია აუცილებლად მიიქცევს ყურადღებას, გამოგარჩევთ სხვა კანდიდატებისგან და პოტენციურ დამსაქმებელს თქვენდამი დადებითად განაწყობს.

Მოხალისეობა

Სტუდენტი CV

💡 ფაქტი: მოხალისეობის კულტურა ადამიანს გუნდურად მუშაობის უნარს უვითარებს, ცოდნას უღრმავებს და საკუთარი ინიციატივების განხორციელების გზით პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებაში ეხმარება.
👉 დამსაქმებლები აცნობიერებენ საზოგადოების საკეთილდღეოდ განხორციელებული საქმიანობის უანგარო ბუნებას და მოხალისეობრივ გამოცდილებას განსაკუთრებით დიდ ყურადღებას აქცევენ.

ტრენინგები

Სტუდენტი CV

აუცილებლად დაურთეთ CV-ს ინფორმაცია თქვენ მიერ გავლილი იმ ტრენინგების შესახებ, რომლებიც კონკრეტული ვაკანსიისთვის იქნება რელევანტურია. ეს ინფორმაცია მეტ ღირებულებას შესძენს თქვენს რეზიუმეს და მნიშვნელოვნად გაზრდის პირველი სამსახურის მოპოვების შანსს.

Როგორ მოვაწყოთ უნარ-ჩვევების სექცია

კონკრეტული ვაკანსიისთვის საჭირო უნარების შერჩევა მეტად საპასუხისმგებლო საქმეა, სწორედ ამიტომ, სასურველია, თქვენი უნარ-ჩვევების სრული ჩამონათვალი გაფილტროთ და იდეალურად მოარგოთ კონკრეტულ ვაკანსიას.

📌 რჩევა: დღეს დამსაქმებლები ხისტი და რბილი უნარ-ჩვევების საუკეთესო ბალანსს ეძებენ აპლიკანტში. ამიტომ მათი ყურადღების მისაქცევად აუცილებელია თქვენი რეზიუმე ორივე კატეგორიის რამდენიმე უნარ-ჩვევას მოიცავდეს.

ხისტი უნარები

  • Პროექტის მართვის უნარი
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი
  • უცხო ენების ცოდნა
  • გამართულად წერისა და რედაქტირების უნარი
  • კვლევის წარმოების უნარები
  • მონაცემთა ანალიზის უნარი
  • კომპიუტერული უნარები
  • დისციპლინა

რბილი უნარები

  • სწაფი ადაპტაციის უნარი
  • ეფექტური კოლაბორაცია
  • დეტალებზე ორიენტაციის უნარი
  • სწორი გადაწყვეტილების მიღების უნარი
  • პრობლემების ეფექტურად გადაჭრა
  • დროის ეფექტურად მართვა
  • კრიტიკული აზროვნება

უცხო ენების ცოდნა

მარტივი ჭეშმარიტებაა, რომ უცხო ენის მაღალ დონეზე ცოდნა მნიშვნელოვნად განსაზღვრავს ჩვენს კარიერას.

ინგლისური ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა ნებისმიერ სფეროში მომუშავე კვალიფიციური სპეციალისტის საჭიროებაა, რადგან ამ ცოდნის გარეშე პროფესიული განვითარება, სპეციალური ლიტერატურის გაცნობა და უცხოენოვან ადამიანებთან კომუნიკაცია წარმოუდგენელია.

👉 უცხო ენის ცოდნის დონის სრულყოფილად წარმოსაჩენად, გირჩევთ საერთაშორისოდ აღიარებული შემდეგი ფორმატი გამოიყენოთ:

  • მშობლიური
  • თავისუფლად ფლობა (C1 ან B2)
  • შუალედური დონე (B1)
  • Საბაზისო (A2)

კომპიუტერული უნარ-ჩვევები

ტექნიკური ხასიათის ცოდნა, განსაკუთრებით კი კომპიუტერული უნარ-ჩვევები, თანამედროვე სამყაროს ყველა სფეროს განუყოფელია ნაწილია. ამიტომ კომპიუტერული უნარების რეზიუმეში ხაზგასმა საუკეთესოდ წარმოაჩენს თქვენი კომპიუტერული განათლების დონეს და მნიშვნელოვანი კონკურენტული უპირატესობით წარგადგენთ დამსაქმებლის წინაშე.

ინტერესის სფერო და პროფესიონალური შეჯამება

პროფესიონალური შეჯამება მოკლე და ამომწურავი სექციაა, რომელიც ხაზს უნდა უსვამდეს თქვენი, როგორც სტუდენტის შესაბამის გამოცდილებას, უნარებსა და მიღწევებს.

CV-ს პროფესიონალური შეჯამება რეზიუმეს შეფასების საწყის ეტაპზევე ექცევა დამსაქმებლის ყურადღების ცენტრში და მნიშვნელოვნად განსაზღვრავს თქვენი წარმატების ხარისხს.

👇 ეფექტური პროფესიული შეჯამების მოსამზადებლად გირჩევთ, რომ ყურადღება შემდეგ რჩევებს მიაქციოთ CV-ს შედგენისას:

  • შეჯამება უნდა იყოს ლაკონური:

სასურველია, რომ შეჯამება არ აღემატებოდეს 3-4 წინადადებას და ნათლად უსვამდეს ხაზს როგორც თქვენს პიროვნულ, აგრეთვე პროფესიულ ღირსებას.

  • წარმოაჩინეთ თქვენი ძლიერი მხარეები:

ხაზი გაუსვით ვაკანსიასთამ დაკავშირებულ ყველა იმ რელევანტურ უნარს, რომელიც ფიქრობთ, რომ პირველი სამსახურის მოპოვებაში დაგეხმარებათ.

  • ყურადღება მიაქციეთ საკვანძო სიტყვებს:

გულდასმით გაეცანით ვაკანტური პოზიციის აღწერას და ეცადეთ, რომ თქვენი პროფესიული შეჯამება მასში გამოყენებული მნიშვნელოვანი ფრაზებით გაამრავალფეროვნოთ.

  • ეცადეთ თქვენი რეზიუნე ვაკანსიის მოთხოვნებს მოარგოთ:

გაითვალისწინეთ, რომ თქვენი წარმატების განმაზღვრელი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტი არის ის თუ რამდენად შეესაბამება თქვენი რეზიუმე ვაკანსიით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.

სასურველია, რომ თქვენ მიერ მომზადებული პროფესიული შეჯამება პოტენციური დამსაქმებლის მოლოდინებთან იყოს შესაბამისობაში და ამით თქვენს კონკურენტულ უპირატესობას უსვამდეს ხაზს.

✔️ რეზიუმეს შეჯამების სწორი მაგალითი
თვალსაჩინო აკადემიური მიღწევებით გამორჩეული, განვითარებაზე ორიენტირებული მომავალი სამართალმცოდე. უნივერსიტეტის თვითმმართველობის პრეზიდენტის რანგში კარიერული განვითარებისკენ გადადგმული  პირველი ნაბიჯები და გაცვლითი პროგრამის ფარგლებში დიდ ბრიტანეთში გატარებული წლები გარდამტეხი აღმოჩნდა ჩემი პიროვნული და პროფესიული იდენტობის ჩამოყალიბებაში.
❌ რეზიუმეს შეჯამების არასწორი მაგალითი
სამუშაო გამოცდილების არქონის მიუხედავად, ჩემი ძლიერი პიროვნული უნარები შესაძლებლობას მაძლევს რომ ნებისმიერი სახის საქმიანობას გავუმკლავდე სრულყოფილად. ვფლობ არაერთ კომპიუტერულ უნარს და ვარ ძალიან მოტივირებული.

შეჯამება: ზოგადი რჩევები სტუდენტის CV-ს შესადგენად

  • რეზიუმეს შედგენამდე კანდიდატი აუცილებლად უნდა ფლობდეს კომპანიის შესახებ ინფორმაციას, უნდა იცნობდეს მის ძირითად ღირებულებსა და სამოქმედო გეგმას.
  • რეზიუმე შედგენილი უნდა იყოს მარტივი ენით და არავითარ შემთხვევაში არ უნდა შეიცავდეს არაზუსტ ან არასწორ ინფორმაციას.
  • რეზიუმეში ასახული ინფორმაცია არ უნდა შეიცავდეს გრამატიკულ ანდა სტილისტურ შეცდომებს. ამ მიზნით, სასურველია ყურადღებით გადახედოთ რეზიუმეს და დარწმუნდეთ, რომ დაცულია როგორც მის სტილთან, აგრეთვე გრამატიკასთან დაკავშირებული ასპექტები.
  • რეზიუმე ყოველთვის უნდა მოდიოდეს შესაბამისობაში კონკრეტულ პოზიციასთან და სწორედ მასთან დაკავშირებული მოთხოვნების საფუძველზე უნდა გამოხატავდეს თქვენს კონკურენტულ უპირატესობებს;
  • კანდიდატმა ყოველთვის დიდი ყურადღება უნდა მიაქციოს რეზიუმეს ვიზუალურ მხარეს და ტექნიკური გართულების თავიდან ასარიდებლად CV დამსაქმებელთან PDF ფორმატით უნდა გააგზავნოს.

არ დაგავიწყდეთ სამოტივაციო წერილი

სამოტივაციო წერილი დამატებითი სახის ტექნიკური დოკუმენტია, რომელიც სტუდენტს შესაძლებლობას აძლევს შესაბამისი კვალიფიკაციისა და ენთუზიაზმის გამოვლენით პოზიტიური შთაბეჭდილება მოახდინოს პოტენციურ დამსაქმებელზე. სწორედ ამიტომ, სამოტივაციო წერილის CV-სთან ერთად გამოყენება თქვენი პირველი სამსახურის მოპოვებისთვის წინგადადგმული უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი იქნება.

🎁 კარიერულ გზაზე დასახული პროფესიული მიზნების რეალობად ქცევაში ჩვენი რეზიუმეს მაგალითები დაგეხმარებათ. CV-ს ფორმატთან დაკავშირებული იდეებით კი ჩვენი საუკეთესო შაბლონები უზრუნველგყოფთ!

კითხვები და პასუხები

რა დრო სჭირდება სტუდენტის CV-ს შედგენას?

თანამედროვე სტანდარტების დაცვით მომზადებული რეზიუმეს შედგენას დაახლოებით 1 საათი სჭირდება. თუმცა, გაითვალისწინეთ, რომ CV-ს თავდაპირველი ვერსიის შექმნის შემდეგ, მომავალში მისი გაახლების მიზნით მხოლოდ ახალი სამუშაო გამოცდილების, მიღებული განათლების ან უნარ-ჩვევების დამატება დაგჭირდებათ.

ამის მიუხედავად, უნდა გახსოვდეთ, რომ არ არსებობს CV-ის შექმნის უნივერსალური სტანდარტიყ, შესაბამისად, რეზიუმეს ყოველ ახალ ვაკანსიაზე გაგზავნისას, მნიშვნელოვაბია თავიდან გადახედოთ თქვენს ინფორმაციას და ის მაქსიმალურად მოარგოთ კონკრეტული ვაკანსიით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.

შეიძლება სტუდენტის რეზიუმეში რეკომენდატორების შესახებ ინფორმაცია მივუთითო?

სტუდენტის რეზიუმეში რეკომენდატორების შესახებ ინფორმაციის მითითება უდავოდ გონივრული ნაბიჯია, ვინაიდან ეს დეტალი თქვენი პიროვნების საუკეთესოდ წარმოჩენის შესაძლებლობას მოგცემთ და პოტენციური დამსაქმებლის ყურადღებასაც დაიმსახურებს.

თქვენი Რეკომენდატორები შეიძლება იყვნენ თქვენი უნივერსიტეტის პროფესორები, სტაჟირების ხელმძღვანელები ან სხვა ისეთი ადამიანები, რომელთათვისაც თქვენი პიროვნული და პროფესიული კვალიფიკაციები კარგად ნაცნობია.

მსგავსი სტატიები

ინტერიერის დიზაინერი CV: ნაბიჯ-ნაბიჯ გზამკვლევი საუკეთესო რეზიუმეს შესადგენად

ინტერიერის დიზაინერი CV: ნაბიჯ-ნაბიჯ გზამკვლევი საუკეთესო რეზიუმეს შესადგენად

ამისთვის, პირველ რიგში, საჭიროა შექმნათ ინტერიერის დიზაინერის CV, რომელიც საუკეთესოდ წარმოაჩენს თქვენს კონკურენტულ...

პროგრამული უზრუნველყოფის შემქმნელი CV: როგორ უნდა შექმნათ შთამბეჭდავი რეზიუმე

პროგრამული უზრუნველყოფის შემქმნელი CV: როგორ უნდა შექმნათ შთამბეჭდავი რეზიუმე

დღეს, სულ უფრო მეტი ადამიამი აანალიზებს, რომ ტექნოლოგიების სფეროში განვითარების მეტი შესაძლებლობაა. ამ ადამიანებთან...