უნივერსიტეტის პროფესორის CV: ნაბიჯები ეფექტური რეზიუმეს შესაქმნელად (+ შაბლონები)

თუ თქვენი მიზანი ახალი თაობებისთვის გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარებაა და დროის ეფექტურ მენეჯმენტთან ერთად ეფექტური პრეზენტაციის  უნარებითაც გამოირჩევით, თქვენი მოწოდება ცალსახად უნივერსიტეტის პროფესორობაა.

საშუალო ნიშანი ამ შაბლონისთვის

5.0
Rated 5 out of 5
დან 1 მომხმარებელთა მიმოხილვები
💡ფაქტი: TeachThought-ის თანახმად, სწავლებასთან დაკავშირებული პროფესიები XXI საუკუნის მსოფლიოს ლიდერობის სრულყოფილ შესაძლებლობას იძლევა.

იყო პროფესორი ნიშნავს გქონდეს უნიკალური შესაძლებლობა შეცვალო თაობები და აკადემიური სადავეები უკეთესი მომავლის შესაქმნელად მომართო.

მასწავლებელი CV

მოცემულ სტატიაში დეტალურად განვიხილავთ, თუ როგორ უნდა შექმნათ პროფესორის CV და სრულყოფილად წარმოაჩინოთ თქვენი მოტივაცია, უნარები და გამოცდილება.

Სარჩევი

პროფესორის CV-ს მაგალითი

ეკატერინე გურგენიძე
ასოცირებული პროფესორი
+995 555-555-555
ekaterinegurgenidze@email.com
თბილისი, საქართველო
Linkedin.com/in/ekaterinegurgenidze

პროფესიული შეჯამება
„მონდომებული და შედეგზე ორიენტირებული კვალიფიციური პროფესორი, საქართველოში აკრედიტირებულ წამყვან უნივერსიტეტებში სწავლების 15 წლიანი გამოცდილებით.“ 

სამუშაო გამოცდილება 

ასოცირებული პროფესორი
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი
თბილისი, საქართველო
2017 წლის მარტი – 2023 წლის თებერვალი

ძირითადი მოვალეობები:

  • სასწავლო პროცესის დაგეგმვა
  • ეროვნული სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის ხელმძღვანელობა;
  • Სტუდენტების დახმარება სამეცნიერო ცოდნისა და მეცნიერული მეთოდების გამოყენებაში;
  • სწავლების პროცესის მოდერნიზებისა და თანამედროვე მიდგომების იმპლემენტაციის ხელშეწყობა.

დეკანის მოადგილე
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი
თბილისი, საქართველო
2012 წლის სექტემბერი – 2017 წლის დეკემბერი

ძირითადი მოვალეობები:

  • საქართველოს სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებებთან თანამშროლობა;
  • უნივერსიტეტის საერთაშორისო თანამშრომლობის ხელშეწყობა.

ადგილობრივი ექსპერტი
გაეროს განვითარებისა და ხელშეწყობის პროგამა, პროექტი „გენდერული თანასწორობის ფსიქოლოგიური ასპექტები“
თბილისი, საქართველო
2012 წლის სექტემბერი – 2017 წლის დეკემბერი

ძირითადი მოვალეობები:

  • გენდერული თანასწორობის ფსიქოლოგიურ ასპექტებთან დაკავშირებული საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის კვლევა;
  • კვლევის შედეგების პრეზენტაცია;
  • ტრენინგი საშუალო/მაღალი რგოლის საჯარო მოხელეებისთვის კვლევის შედეგების შესახებ;
  • განხორციელებული აქტივობების შესახებ საბოლოო ანგარიშის მომზადება.

განათლება

ფსიქოლოგიის დოქტორი
ზაარლანდის უნივერსიტეტი, გერმანია
2009 წლის ოქტომბერი – 2012 წლის ივლისი

ფსიქოლოგიის მაგისტრი
პიროვნებისა და სოციალური ფსიქოლოგიის ინსტიტუტი, ავსტრია
2007 წლის სექტემბერი – 2009 წლის ივნისი

ფსიქოლოგიის ბაკალავრი
ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
2003 წლის სექტემბერი – 2007 წლის ივნისი

პუბლიკაციები:

  • „კარიერულ წინსვლასთან დაკავშირებული გამოწვევები არასრული ზოგადი განათლების მქონე ახალგაზრდებისათვის საქართველოში.“ რეცენზირებადი სამეცნიერო ჟურნალი, 2018.
  • „განათლების ხელმისაწვდომობა საქართველოში მცხოვრები ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლებისთვის.“ აბგ ჟურნალი, 2016
  • „ფაქტორები, რომლებიც არსებით გავლენას ახდენენ შეზღუდული შესაძლებლობების პირთა სამუშაო ეფექტურობაზე.” აბგ ჟურნალი, 2016

კონფერენციები

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია განათლების, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებებში
ვენის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ავსტრია
2019 წელი

მე-5 საერთაშორისო კონფერენცია სოციალურ პასუხისმგებლობის, ეთიკისა და მდგრადი ბიზნესის შესახებ
სორბონის უნივერსიტეტი, პარიზი
2018 წელი

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია სოციალურ, ჰუმანიტარულ და განათლების მეცნიერებებში
ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტი, გერმანია
2016 წელი

კვლევითი სტიპენდიები და გრანტები

  • გაეროს ფონდის მიერ 2019 წელს დაფინანსებული საგრანტო პროექტი: „ინკლუზიური განათლების ხელშემწყობი სახელმწიფო სერვისების სრულყოფა.“
  • განათლების საერთაშორისო ფონდის მიერ 2018 წელს დაფინანსებული საგრანტო პროექტი: „ექსპერიმენტული ფსიქოლოგიის როლი და მნიშვნელობა.“
  • გაეროს ფონდის მიერ 2017 წელს დაფინანსებული საგრანტო პროექტი: „სოციალური ფსიქოლოგიის როლი განვითარებადი ქვეყნების ეკონომიკური წარმატების საქმეში.“

უნარები

  • ანალიტიკური აზროვნება
  • მაღალი პასუხისმგებლობა
  • ეფექტური კომუნიკაცია
  • დეტალებზე ორიენტაცია
  • დროის მენეჯმენტი
  • სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი

ენები

  • ქართული (მშობლიური)
  • ინგლისური (თავისუფლად)
  • ფრანგული (თავისუფლად)
  • გერმანული (საბაზისო)

Რა შემოსავალი აქვთ უნივერსიტეტის პროფესორებს საქართველოში 2023 წელს?

💡 ფაქტი: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, საქართველოში სრული პროფესორის ანაზღაურება თვეში 2000 ლარის ოდენობით განისაზღვრება.

რაც შეეხება ასოცირებულ პროფესორს, მისი ყოველთვიური თანამდებობრივი სარგო 1600 ლარს შეადგენს, ხოლო ასისტენტ პროფესორი თვეში 900 ლარს გამოიმუშავებს.

🎁 Salaryexpert-ის ვარაუდით, საქართველოში დასაქმებული ინგლისურენოვანი პროფესორის ყოველწლიური ანაზღაურება 5 წელიწადში 55%-ით გაიზრდება და დაახლოებით 149 991 ლარს შეადგენს.

ვაკანტური პოზიციები ქართულ უნივერსიტეტებში

განათლების სფეროში მოღვაწეობა უფრო და უფრო დაფასებული ხდება საქართველოში. შესაბამისად, თუ თქვენი მოტივი მუდმივი განვითარება და საუკეთესო საგანმანათლებლო სტანდარტების ქართულ რეალობაში დანერგვაა, დაგვერწმუნეთ, რომ არასდროს გაგიჭირდებათ თქვენი პროფესიით დასაქმება!

საქართველოში აკრედიტირებული უმაღლესი სასწავლებლების უმრავლესობა მუდმივად ცდილობს აკადემიური პერსონალი საუკეთესო კადრებით გაამდიდროს. ეს კი შესანიშნავი შესაძლებლობაა თქვენთვის, როგორც კვალიფიციური პროფესორისთვის, რომ თქვენი კარიერული განვითარება სასურველ უნივერსიტეტში გააგრძელოთ.

გთავაზობთ მცირე ჩამონათვალს უნივერსიტეტების იმ ვრცელი სიიდან, რომლებიც თქვენს პოტენციურ დამსაქმებლად შეგიძლიათ რომ განიხილოთ:

  • ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
  • ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
  • შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი
  • საქართველოს უნივერსიტეტი
  • ევროპის უნივერსიტეტი
  • ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი
  • თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი
💡 ფაქტი: სტატისტიკურად, კერძო უნივერსიტეტები უფრო ხშირად ნერგავენ სწავლების ახალ მოდულებს და უფრო აქტიურად ეძებენ ახალ კადრებს. Სწორედ ამიტომ გირჩევთ, რომ კერძო უნივერსიტეტებს დაუთმოთ მეტი ყურადღება.

Როგორ შევადგინოთ პროფესორი CV მარტივად: რჩევები & საჭირო ინფორმაცია

საუკეთესო სტანდარტების შესაბამისად მომზადებულ რეზიუმეს აქვს ობიექტური  შესაძლებლობა, რომ თქვენი ცოდნა და გამოცდილება წარმატების გარანტად იქცეს სასურველი პოზიციის ძიების პროცესში. პროფესორის რეზიუმე ღირებული დოკუმენტია, რომელიც სრულყოფილად უსვამს ხაზს თქვენს განათლებას, გამოცდილებას, მიღწევებსა და უნარებს.

👉 წინასწარ განსაზღვრული წესების შესაბამისად მომზადებული რეზიუმე პოტენციურ დამსაქმებლებს დადებით შთაბეჭდილებას შეუქმნის და ჯერ კიდევ გასაუბრებამდე გამოიწვევს თქვენით დაინტერესებას.

მასწავლებელი CV

Რეზიუმეს შედგენის პროცესის გამარტივების მიზნით, ჩვენ შევიმუშავეთ კონკრეტული რჩევები და რეკომენდაციები, რომელთა დაცვაც ვიმედოვნებთ, რომ თქვენი წარმატების წინაპირობა გახდება:

  • სრულყოფილად წარმოადგინეთ თქვენი სამუშაო გამოცდილება:სასურველია, აქცენტი გააკეთოთ მხოლოდ რელევანტურ სამუშაო გამოცდილებაზე და კონკრეტულად მიუთითოთ თქვენს ძირითად მოვალეობებთან დაკავშირებული ნიუანსები.
  • ფოკუსირდით თქვენს პიროვნულ უნარ-ჩვევებზე:ეფექტური კომუნიკაცია, დეტალებზე ორიენტაცია, დროის მენეჯმენტი და სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი პიროვნულ თვისებათა ის ჩამონათვალია, რომელთა ქონა პროფესიული წარმატების მისაღწევად უმნიშვნელოვანია.
  • რეზიუმეს შეურჩიეთ ორგანიზების სწორი ფორმა:სწორად მომზადებული რეზიუმე დაგეხმარებათ მარტივად მოახდინოთ დადებითი შთაბეჭდილება პოტენციურ დამსაქმებელზე.
  • ყურადღება მიაქციეთ საკვანძო სიტყვებს:გამოქვეყნებულ ვაკანსიაში მითითებული საკვანძო სიტყვების გამოყენებით თქვენ ცხადყოფთ, რომ პასუხისმგებლობით ეკიდებით თქვენს პროფესიას და მზად ხართ, თქვენი ცოდნა სრულად დაუთმოთ საგანმანათლებლო დაწესებულებას.
  • ზედმიწევნით შეავსეთ რეზიუმეს ყოველი სექცია:წინასწარ განსაზღვრული სტანდარტების დაცვით შედგენილი CV სრულყოფილად გამოავლენს როგორც თქვენს ცოდნასა და გამოცდილებას, აგრეთვე ხაზს გაუსვამს თქვენს ორგანიზებულ ბუნებასთან დაკავშირებულ უნარებსაც.

Რეზიუმეს სექციების განლაგება

განვიხილოთ სექციების რეკომენდებული განლაგება უნივერსიტეტის პროფესორის CV-სთვის:

  • სახელი და საკონტაქტო ინფორმაცია  (მაგ., ელ-ფოსტა, ტელეფონის ნომერი, ლოკაცია, LinkedIn-ის გვერდი)
  • პროფესიული შეჯამება
  • სამუშაო გამოცდილება
  • განათლება, პუბლიკაციები, კონფერენციები, გრანტები
  • პროფესიული/პიროვნული უნარები
  • დამატებითი ინფორმაცია
    • უცხო ენების ცოდნა
    • კომპიუტერული პროგრამები
    • ინტერესები

ფორმატი და სტრუქტურა

თუ საკუთარ თავს დამსაქმებლის ადგილას წარმოიდგენთ მაშინვე გააცნობიერებთ, რომ რეზიუმეების შეფასებისას არსებითი ყურადღება მის ფორმატს ენიჭება.

👇 ქვემოთ წარმოდგენილია 3 ძირითადი ტიპის ფორმატი, რომელთა გამოყენებაც რეკომენდირებულია უნივერსიტეტის პროფესორის CV-ს შედგენისას.

  • ქრონოლოგიური ფორმატი – თუ თქვენი მრავალწლიანი სამუშაო გამოცდილება მეტად მრავალფეროვანია, სასურველია, რომ  მასთან დაკავშირებული ინფორმაცია ქრონოლოგიურად, უახლესი დროიდან წარსულისკენ წარმოადგინოთ.
  • ფუნქციური ფორმატი – თუ მწირი პროფესიული გამოცდილება გაქვთ, გირჩევთ, რომ წარმოადგინოთ თქვენს პროფესიასთან დაკავშირებული უნარ ჩვევები. ფუნქციური ფორმატი შესაძლებლობას გაძლევთ სამუშაო გამოცდილების ნაცვლად თქვენს განათლებაზე და უნარებზე აქცენტირდეთ და ინფორმაცია ქვეკატეგორიებად განალაგოთ.
  • შერეული ფორმატი – თუ თქვენ მრავალფეროვანი სამუშაო გამოცდილება გაქვთ, თუმცა დამსაქმებლისთვის პრიორიტეტი თქვენი უნარებია, გირჩევნთ, უპირატესობა ქრონოლოგიური და ფუნქციური ფორმატების კომბინაციას მიანიჭოთ.
📌 რჩევა: უნივერსიტეტის პროფესორის CV-ის მომზადებისას, სასურველია, რომ ვაკანსიასთან ირიბად დაკავშირებული ინფორმაცია რეზიუმედან ამოიღოთ. აღნიშნული ინფორმაცია, საჭიროების შემთხვევაში, შეგიძლიათ ინტერვიუზე გააცნოთ დამსაქმებელს.

სათაური და საკონტაქტო ინფორმაცია

რეზიუმეს სათაური გახლავთ პირველი შთაბეჭდილება, რომელიც პოტენციურ დამსაქმებელს ექმნება თქვენზე. შესაბამისად, მნიშვნელოვანია ის სრულყოფილად მოიცავს ისეთ კატეგორიებს, როგორიცაა:

  • სახელი და გვარი
  • პროფესიული სტატუსი
  • ადგილმდებარეობა
  • ტელეფონის ნომერი
  • ელექტრონული ფოსტა
  • Სოციალური მედიის (მაგ., LinkedIn) ბმული
⚠️ გაფრთხილება: სასურველია თავი აარიდოთ რეზიუმეში ისეთი დეტალების მითითებას, როგორებიცაა დაბადების თარიღი, ასაკი და ზუსტი მისამართი.
✔️ ოპტიმალური სათაურის მაგალითი
ეკატერინე გურგენიძე
ასოცირებული პროფესორი
თბილისი, საქართველო | +995 555 555 555| ekaterinegurgenidze@email.com
❌ მიუღებელი სათაურის მაგალითი
უნივერსიტეტის პროფესორი
ეკატერინე გურგენიძე
ტელეფონი: 555 555 555
დაბადების თარიღი 10/02/1991 წ
მისამართი: საქართველო, თბილისი, დავით აღმაშენებლის ქუჩა 15
ვეძებ უნივერსიტეტს, სადაც სტუდენტებისთვის ჩავატარებ ლექციებს!

Როდის არის საჭირო ფოტო პროფესორის რეზიუმეში?

მასწავლებელი CV

CV-ს მომზადებას თან ახლავს გარდაუვალი დილემა, რომელიც რეზიუმეში ფოტოს გამოყენების საჭიროებას უკავშირდება.

დამსაქმებელთა უმრავლესობა რეზიუმეში ფოტოს გამოყენებას არაპროფესიონალურ ნაბიჯად აღიქვამს. ამიტომ, ფოტოს გამოყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება მიზანშეწონილი, თუ დამსაქმებელი ამას ვაკანსიის აღწერილობაში ითხოვს.

📌 Რჩევა: თუ ფიქრობთ, რომ პროფესიონალური ფოტო მეტ ღირებულებას შესძენს თქვენს რეზიუმეს და მისი ჩვენების შესაძლებლობას ეძებთ, CV-ს LinkedIn პროფილის ლინკი დაურთეთ, სადაც თქვენს ფოტოს განათავსებთ.

მაგალითი 1

ასოცირებული პროფესორი
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი, თბილისი
სექტემბერი 2011 – ივნისი 2020

  • Ხელს ვუწყობდი სასწავლო გეგმის მოდერნიზებასა და თანამედროვე მიდგომების უნივერსიტეტში დამკვიდრებას;
  • აქტიურად ვიყავი ჩართული უნივერსიტეტის სამეცნიერო-კვლევით მუშაობასა და სასწავლო გეგმის შედგენაში;
  • წავახალისებდი სტუდენტების პროფესიულ მოღვაწეობას და მათი სამეცნიერო ცოდნის გაღრმავებას.
მაგალითი 2

ასისტენტ-პროფესორი
ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
იანვარი 2007 – მაისი 2011

  • აქტიურად ვთანამშრომლობდი საქართველოში აკრედიტირებულ სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებებთან;
  • ინოვაციური საგანმანათლებლო მიდგომების დანერგვის გზით ვთანამშრლომლობდი საერთაშორისო საგანმანათლებლო დაწესებულებებთან.

Სასწავლო კურსები

ვინაიდან პროფესორის ფუნქცია-მოვალეობები მეტად მრავალფეროვანია, მნიშვნელოვანია, რომ თქვენი რეზიუმე პოტენციურ დამსაქმებელს იმ კურსების შესახებაც აწვდიდეს ინფორმაციას, რომლებსაც თქვენ უძღვებით.

აღნიშნული ინფორმაციის წარმოდგენა რეზიუმეში ცალკე სექციის სახით შეგიძლიათ.

👉 სასურველი იქნება, თუ თქვენ მიერ დანერგილი  ეროვნული სასწავლო კურსების ჩამონათვალს ცალკეული უნივერსიტეტების მიხედვით წარმოადგენთ.

თუ ჯერ არ გიმუშავიათ პროფესორად

თუ ჯერ არ გიმუშავიათ პროფესორად, ალბათ შვებას იგრძნობთ თუ შეიტყობთ, რომ მზარდი მოთხოვნის ფონზე, საქართველოში არსებული აკრედიტირებული უმაღლესი სასწავლებლებისთვის პრიორიტეტს არა სამუშაო გამოცდილება, არამედ თქვენ მიერ მიღებული განათლება და ენთუზიაზმი წარმოადგენს.

💡 ფაქტი: საქართველოში პროფესორის პოზიციაზე დღეს ისეთ კანდიდატებსაც განიხილავენ, რომელთაც აქვთ შესაბამისი ცოდნა, თუმცა არ აქვთ სამუშაო გამოცდილება.

შესაბამისად, ასეთ დროს რეზიუმეში უნდა მიუთითოთ ისეთი ინფორმაცია, რომელიც მკაფიოდ გაუსვამს ხაზს თქვენს კონკურენტულ უპირატესობებს, უნარებსა და აკადემიურ მიღწევებს.

👇 უნივერსიტეტში სწავლებასთან დაკავშირებული სამუშაო გამოცდილების არ ქონის შემთხვევაში რეკომენდირებულია, რომ მხედველობაში მიიღოთ შემდეგი რჩევები:

  • დეტალურად განიხილეთ მიღებული განათლების სექცია:რეზიუმეში მიუთითეთ თქვენი აკადემიური ხარისხი, კონფერენციები, გამოქვეყნებული პუბლიკაციები, გრანტები და სხვა იმგვარი მიღწევები, რომლებიც სხვა კანდიდატებთან მიმართებაში თქვენს უპირატესობას გაუსვამს ხაზს.
  • ყურადღება მიაქციეთ  ლექტორის პროფესიისთვის საჭირო უნარებს:ალბათ არ გაგიკვირდებათ თუ გეტყვით, რომ რეზიუმეს განხილვის დროს დამსაქმებლების მხრიდან დიდი ყურადღება ექცევა არა მხოლოდ განათლებასა და სამუშაო გამოცდილებას, არამედ როგორც პიროვნულ ისე პროფესიულ უნარ-ჩვევებსაც.

რეკომენდირებულია, რომ თქვენს CV-ში თქვენს ისეთ უნარებზე გაამახვილოთ ყურადღება, რომელიც თქვენი, როგორც პროფესორის უნიკალურობას გაუსხვამს ხაზს. (მაგ: დროის ეფექტური მენეჯმენტი, დეტალებისადმი ყურადღება, კრეატიულობა და სხვ.)

განათლება: პროფესორის CV-ს ყველაზე მნიშვნელოვანი სექცია

კანდიდატის მრავალწლიანი გამოცდილება ნამდვილად საყურადღებო ფაქტორია რეზიუმეს შეფასების დროს. თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანია თქვენი, როგორც პროფესორის განათლებასთან დაკავშირებული ინფორმაცია.

👉 გთხოვთ, ყურადღება მიაქციეთ, რომ რეზიუმეში წარმოდგენილი განათლების სექცია ამომწურავად იყოს შევსებული, იმ ინფორმაციის მითითებით, რომელიც თქვენს აკადემიურ კვალიფიკაციას კონკურენტუნარიანად წარმოაჩენს.

სასურველია, რომ განათლების ნაწილში შემდეგი ინფორმაცია მიუთითოთ:

  • უნივერსიტეტის დასახელება და ადგილმდებარეობა;
  • აკადემიური განათლების წლები დასაწყისიდან დასრულებამდე;
  • თითოეული მიღებული აკადემიური ხარისხი (მაგ., ბაკალავრი, მაგისტრი, დოქტორანტი)

მასწავლებელი CV

👇 განვიხილოთ განათლების სექციის ორი მაგალითი პროფესორის CV-სთვის:

მაგალითი 1

ფსიქოლოგიის დოქტორის ხარისხი, ზაარლანდის უნივერსიტეტი, გერმანია (2009-2012)
ფსიქოლოგიის მაგისტრის ხარისხი, პიროვნებისა და სოციალური ფსიქოლოგიის ინსტიტუტი, ავსტრია (2007 – 2009)
ფსიქოლოგიის ბაკალავრის ხარისხი, ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველო (2003 – 2007)

მაგალითი 2

სამართალმცოდნეობის ბაკალავრი
ილიას სახელმიწო უნივერსიტეტი, თბილისი, საქართველო
2013 წლის სექტემბერი-2017 წლის დეკემბერი

შესაბამისი კურსები:

  • შესავალი სასჯელაღსრულების სამართალში;
  • საერთაშორისო კერძო სამართალი;
  • სანივთო სამართალი;
  • საკონსტიტუსიო სამართლის საფუძვლები;

საერთაშორისო კერძო სამართლის მაგისტრი
შავის ზღვის უნივერსიტეტი, თბილისი, საქართველო
2018 წლის სექტემბერი-2020 წლის ივნისი

შესაბამისი კურსები:

  • სამართალწარმოების ეთიკური ასპექტები;
  • საერთაშორისო კერძო სამართლის სუბიექტები;
  • საერთაშორისო სავაჭრო ორგანიზაციის წესდება და მასთან დაკავშირებული ძირითადი პრინციპები.

დამატებითი სექციები პროფესორის რეზიუმესთვის

რეზიუმის დამატებითი განყოფილებებით გამდიდრება მნიშვნელოვანწილად გაზრდის თქვენს კონკურენტუნარიანობას და მკვეთრად გამოხატავს თქვენი როგორც კვალიფიციური პროფესორის პიროვნულ და პროფესიულ უპირატესობებს.

👉სწორად შერჩეული დამატებითი განყოფილებების არსებობა თქვენს რეზიუმეში წარმოადგენს სტრატეგიულ გადაწყვეტილებას, რომელიც სხვა კანდიდატებისგან გამოგარჩევთ და დამსაქმებელს პოზიტიურად განაწყობს თქვენ მიმართ.

პუბლიკაციები

Პოტენციური დამსაქმებელი აუცილებლად დააფასებს იმ ფაქტს, რომ პროფესიული განვითარების პარალელურად თქვენს ცოდნასა და გამოცდილებას აკადემიურ წრეებს უზიარებთ და თქვენს ძვირფას დროს სამეცნიერო საქმიანობას უთმობთ.

ეს მეტად მნიშვნელოვანი დეტალი არამხოლოდ აამაღლებს წარმოდგენას თქვენს პიროვნებაზე, არამედ მნიშვნელოვნადაც გაზრდის თქვენი დასაქმების შანსს.

კვლევითი სტიპენდიები და გრანტები

კვლევითი სტიპენდიებისა და გრანტების სექცია რეზიუმეს ერთ-ერთი ყველაზე ღირებული ასპექტია, ვინაიდან ის ხაზს უსვამს თქვენს აქტიურობას და მზაობას, პრაქტიკაში მოახდინოთ საკუთარი ცოდნისა და გამოცდილების ინტეგრირება.

კვლევითი სტიპენდიებისა და გრანტების სექციის დამატებით თქვენ ხაზს უსვამთ თქვენს პროფესიონალიზმს, რაც თავის მხრივ, მნიშვნელოვნად ამაღლებს თქვენს კვალიფიკაციასა პოტენციური დამსაქმებლის თვალში.

კონფერენციები

დამსაქმებელთა აბსოლუტური უმრავლესობა იზიარებს მოსაზრებას, რომ პროფესიულ კონფერენციებზე დასწრება აქტიური განვითარებისა და კარიერული ზრდის ფორმაა.

საქართველოში მოქმედ ყოველ უნივერსიტეტს სურს, რომ სახელი სწორედ კომპეტენტური და კვალიფიციური აკადემიური პერსონალით მოიხვეჭოს. შესაბამისად, თქვენს რეზიუმეში აღნიშნული ეს კონკრეტული სექცია უდავოდ მიიქცევს ყურადღებას და თქვენდამი კეთილგანწყობას გამოიწვევს.

Როგორ მოვაწყოთ უნარ-ჩვევების სექცია

გიფიქრიათ, რა არის უნარების ეს ამომწურავი ჩამონათვალი, რომელთა აღნიშვნაც თქვენს რეზიუმეს მეტ ღირებულებას შესძენს? მაშინ სიამოვნებით გაგიზიარებთ ჩვენს მოსაზრებას ამ საკითხთან დაკავშირებით.

👇 უნარ ჩვევები, რომლებსაც დამსაქმებლები თქვენს რეზიუმეებსა და სამოტივაციო წერილებში ეძებენ მოიცავს პროფესორის საქმიანობასთან დაკავშირებულ ისეთ ასპექტებს, როგორებიცაა:

  • დროის ეფექტური მენეჯმენტი
  • გამართული კომუნიკაციის უნარი
  • სტრესულ გარემოში მუშაობის შესაძლებლობა
  • დამაჯერებელი პრეზენტაცია
  • კრეატიული და ინოვაციური აზროვნება

უცხო ენების ცოდნა

უცხო ენების ცოდნასთან დაკავშირებული კვალიფიკაციის რეზიუმეში აღნიშვნა ცალსახად უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებაა.

👉 პროფესორის მიერ უცხო ენის ცოდნა მისი განვითარების ფართო არეალზე მიანიშნებს და დამსაქმებელს არწმუნებს, რომ მას საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად შეუძლია საკუთარი საქმიანობის განხორციელება.

უცხო ენების სექციის სრულყოფისთვის გირჩევთ, რომ ქვემოთ მოცემული ფორმატი მიიღოთ მხედველობაში:

  • მშობლიური
  • თავისუფლად ფლობა
  • შუალედური დონე
  • საბაზისო

კომპიუტერული უნარ-ჩვევები

ელექტრონული სწავლების განვითარებისა და მისი სრულყოფილის პარალელურად დღის წესრიგში დადგა იმის საჭიროება, რომ განათლების სფეროში დასაქმებულ ადამიანებს შეეძლოთ თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება.

შესაბამისად, თუ თქვენ უკვე ფლობთ გარკვეულ კომპიუტერულ უნარ-ჩვევებს აუცილებლად მიუთითეთ მათ შესახებ თქვენს რეზიუმეში.

👇 თქვენი, როგორც პროფესორის კომპიუტერული უნარ ჩვევები შესაძლოა მოიცავდეს შემდეგ კატეგორიებს:

  • Microsoft Office
  • SPSS

კვლევითი სფერო და პროფესიონალური შეჯამება

იმისთვის, რომ დამსაქმებლის კეთილგანწყობა პირველივე წუთებში დაიმსახუროთ, საჭიროა, რეზიუმე გონივრულად მომზადებულ შეჯამებას მოიცავდეს და თქვენს სპეციფიკურ უნარებთან ერთად თქვენს კვლევითი მიზნებსაც უსვამდეს ხაზს.

📌 რჩევა: შესანიშნავი იქნება თუ თქვენს შეჯამებას კონკრეტული კარიერული მიღწევით გაამყარებთ და კიდევ უფრო მეტ დამაჯერებლობას შესძენთ თქვენი კანდიდატურის უპირატესობას.

ეფექტური შეჯამების მოსამზადებლად სასურველია, რომ გაითვალისწინოთ ქვემოთ აღნიშნული რჩევები:

  • შეჯამება უნდა იყოს ამომწურავი: შეჯამების ლაკონური ბუნების მიუხედავად მნიშვნელოვანია, რომ მას ამომწურავი ხასიათი ჰქონდეს და არ აღემატებოდეს 3-4 წინადადებას.
  • Შეუსაბამეთ ვაკანსიის მოთხოვნებს: შეჯამება არსობრივად უნდა ემთხვეოდეს პოტენციური დამსაქმებლის მოლოდინს და ვაკანსიის აღწერაში მითითებულ კვალიფიკაციათა ჩამონათვალს.
  • გამოიყენეთ საკვანძო სიტყვები: ვაკანტური პოზიციის აღწერის დეტალური გაცნობა შესაძლებლობას მოგცემთ, რომ თქვენი შეჯამება მასში გამოყენებული მნიშვნელოვანი ტერმინებით სრულყოთ.
  • აქცენტი გააკეთეთ თქვენს ძლიერ მხარეებზე: ნუ მოერიდებით იმ რელევანტური უნარ-ჩვევების წარმოჩენას, რომლებიც წარმატებულ პროფესორად გაქცევთ.
✔️ რეზიუმეს შეჯამების სწორი მაგალითი
გამოცდილი პროფესორი, წამყვან უნივერსიტეტებში სწავლების 15 წლით. ჩემი პროფესიული მიზანი ახალი თაობების მეცნიერული სულისკვეთებით აღტკინება და სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოებისადმი მათი ინტერესის გაღვივებაა. 2020 წელს, ჯორჯ ფორსტერის კვლევითი ჯილდოს მიღება მეცნიერებისადმი ჩემი მიზანდასახულობის მანიფესტაციად იქცა.
❌ რეზიუმეს შეჯამების არასწორი მაგალითი
გამოცდილი პროფესორი მუშაობის დიდი გამოცდილებით! ვფლობ სწავლებისთვის საჭირო ყველა უნარ-ჩვევას და მზად ვარ ახალი გამოწვევებისთვის.

შეჯამება: ძირითადი რჩევები პროფესორის ეფექტური CV-სთვის

  • რეზიუმეს დასაწყისში წარმოადგინეთ პროფესიული სათაური და 3-4 წინადადებიანი შეჯამება, რომელიც მკაფიოდ განსაზღვრავს თქვენს პროფესიულ კვალიფიკაციას.
  • უპირატესობა მიანიჭეთ ვიზუალურად მარტივად აღქმად ფორმატს და გამოკვეთილ სათაურებს. საჭიროების შემთხვევაში გამოიყენეთ დანომრილი სიები.
  • ნუ გადატვირთავთ CV-ს ვაკანსიისთვის შეუფერებელი ინფორმაციით.
  • ყურადღებით გაეცანით ვაკანსიის აღწერას და უნარების სექციაში ზედმიწევნით წარმოაჩინეთ თქვენი რელევანტური უნარ ჩვევები.
  • თუ ჯერ კიდევ არ გაქვთ სამუშაო გამოცდილება, ნუ დაიშურებთ თქვენ უნარებთან, კომპრეტენციებსა და განათლებასთან დაკავშირებულ ინფორმაციას რეზიუმეს გასამდიდრებლად.
  • რეზიუმეს მომზადების შემდეგ, კიდევ ერთხელ ყურადღებით გადაავლეთ თვალი ინფორმაციას და დააკვირდით ხომ არ დაუშვით გრამატიკული ანდა პუნქტუაციური შეცდომები.

გამოიყენეთ სამოტივაციო წერილი

მიუხედავად იმისა, რომ რეზიუმე ზედმიწევნით აჯამებს ინფორმაციას თქვენი განათლების, სამუშაო გამოცდილებისა და სხვა მნიშვნელოვანი კარიერული ასპექტების შესახებ, ალბათ დაგვეთანხმებით, რომ ის მხოლოდ ობიექტურად გადმოსცემს თქვენ მიერ გავლილ პროფესიულ გზას და არ გაძლევთ შესაძლებლობას მასში ემოციული დამოკიდებულებები ჩააქსოვოთ.

სწორედ ამ საკითხის ეფექტურად გადაწყვეტას ემსახურება სამოტივაციო წერილის ფენომენი. ის შესაძლებლობას გაძლევთ ენთუზიაზმითა და მოტივაციით სავსე ფრაზებით გამოხატოთ თქვენი ინტერესი სასურველი პოზიციისადმი და  უფრო მტკიცედ დაარწმუნოთ დამსაქმებელი თქვენს მზაობაში, დამსახურებულად დაიკავოთ ვაკანტური პოზიცია.

🎁 ყველაფერი გენიალური მარტივია! ხომ გვეთანხმებით? თუ ასეა, მიეცით თქვენს ნიჭსა და პროფესიულ გამოცდილებას შესაძლებლობა დაიპყრონ ახალი მწვერვალები, ჩვენ კი გპირდებით, რომ საუკეთესო სტანდარტების შესაბამისად მომზადებული ჩვენი რეზიუმეს მაგალითები თქვენი წარმატების შთაგონებად იქცევიან!

თუ სასურველი ფორმატის შესარჩევად იდეები დაგჭირდებათ აუცილებლად გადახედეთ  ჩვენს საუკეთესო შაბლონებს და თავადვე დარწმუნდებით, რომ თქვენი ოცნების კარიერა მხოლოდ ხელის ერთ გაწვდენაზეა!

კითხვები და პასუხები

Როგორ მოვარგო უკვე არსებული CV უნივერსიტეტის პროფესორის ვაკანსიას?

დეტალურად გაეცანით კონკრეტული უნივერსიტეტის მიერ გამოქვეყნებული ვაკანსიის შინაარს და შესაბამის საკვანძო სიტყვებსა და მოთხოვნებზე დაყრდნობით შეცვალოთ თქვენს რეზიუმეში წარმოდგენილი ინფორმაცია. მიუთითეთ სპეციფიკური გამოცდილებები და უნარ-ჩვევები.

Რა უფრო ადრე იწერება რეზიუმეში, სამუშაო გამოცდილება თუ განათლება?

სასურველია, რომ უნივერსიტეტის პროფესორის რეზიუმეში ჯერ სამუშაო გამოცდილება მიუთითოთ და მხოლოდ ამის შემდეგ ისაუბროთ თქვენს განათლებაზე. თუმცა, თუ თქვენთვის სასურველი ვაკანსია უპირატესობას განათლებას ანიჭებს, ჯობს მოთხოვნების შესაბამისად ჯერ განათლებაზე ისაუბროთ და შემდეგ გაამახვილოთ ყურადღება თქვენს სამუშაო გამოცდილებაზე.

მსგავსი სტატიები

ინტერიერის დიზაინერი CV: ნაბიჯ-ნაბიჯ გზამკვლევი საუკეთესო რეზიუმეს შესადგენად

ინტერიერის დიზაინერი CV: ნაბიჯ-ნაბიჯ გზამკვლევი საუკეთესო რეზიუმეს შესადგენად

ამისთვის, პირველ რიგში, საჭიროა შექმნათ ინტერიერის დიზაინერის CV, რომელიც საუკეთესოდ წარმოაჩენს თქვენს კონკურენტულ...

პროგრამული უზრუნველყოფის შემქმნელი CV: როგორ უნდა შექმნათ შთამბეჭდავი რეზიუმე

პროგრამული უზრუნველყოფის შემქმნელი CV: როგორ უნდა შექმნათ შთამბეჭდავი რეზიუმე

დღეს, სულ უფრო მეტი ადამიამი აანალიზებს, რომ ტექნოლოგიების სფეროში განვითარების მეტი შესაძლებლობაა. ამ ადამიანებთან...